Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები ქართულ-რუსული სპეცსამსახურების შესაძლო თანამშრომლობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ფოტო არქივიდან: სოსო გოგაშვილი, სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი
ფოტო არქივიდან: სოსო გოგაშვილი, სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "უფლებები საქართველო", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" და "ღია საზოგადოების ფონდი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა იოსებ გოგაშვილმა საქართველოს ხელისუფლება და მისი მუშაობის დროს სუსის უფროსი და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან კავშირში დაადანაშაულა.

"აღწერილი გარემოებები, დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ან/და სამოხელეო დანაშაულზე, რუსეთთან ხელისუფლების მჭიდრო კავშირებსა და ანტიდასავლურ კურსზე მიუთითებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. შესაბამისად, გაჟღერებული ინფორმაცია სრულყოფილ და სიღრმისეულ გამოძიებას საჭიროებს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

12 სექტემბერს სოსო გოგაშვილმა "ფეისბუკის" გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.

გოგაშვილის თანახმად, „არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში“ ჩართულია სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო.

ამ თემაზე "ტვ პირველმა" 10 სექტემბერს ჟურნალისტური გამოძიება უჩვენა. გოგაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობაში „წყვეტა იყო და საჭირო იყო ურთიერთობების განახლება“, რის გამოც 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა ვლადიკავკაზში "ეფესბეს" საიდუმლო ბაზაზე.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე გამოქვეყნდა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.

XS
SM
MD
LG