Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უფროსი ძმა ყოველთვის მართალია". ეს დამონების მცდელობას ხომ არ ჰგავს?" - ხუნდაძე აშშ-ის ელჩს


დიმიტრი ხუნდაძე, დეპუტატი
დიმიტრი ხუნდაძე, დეპუტატი

მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ტელეკომპანია "იმედთან" აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუზე წერილს ავრცელებს, რომელშიც საუბრობს "ამერიკულ მონობასა" და იმაზე, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს".

"ამერიკის ელჩი თუ ამ დონის არაგულწრფელი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი", - წერს დეპუტატი და მიმოიხილავს ინტერვიუს შინაარსს. იგი ელჩზე ამბობს, რომ ინტერვიუს დროს კითხვებს ისევ არ პასუხობდა და ცდილობდა თავი აერიდებინა.

"დასავლური ღირებულებები სწორედ იმით არის ჯერ კიდევ მიმზიდველი, რომ მისი ფუნდამენტი არის კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. თუ მართმსაჯულება საელჩოში უნდა დაკორექტირდეს, დეპუტატების კითხვების დასმა დანაშაულში უნდა ჩაითვალოს და მათ საკუთარი უფლებების დაცვაც კი ვერ შეძლონ, არათუ სხვისი, ეს უფრო საბჭოთას ჰგავს, ვიდრე დასავლურს, სადაც სულ უმცროსი ვიყავით და უფროსი მუდამ გვყავდა.

მაშინ სად არის რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი? ჩვენი თავი ჩვენადვე როგორ უნდა გვეყუდნოდეს? პარტნიორს კითხვებს იმიტომ ვუსვამთ, რომ მისი იმედი გვაქვს და მისი მართალი პასუხი გვაინტერესებს. ის კი არც კითხულობს და რუსეთუმეობას გვაბრალებს. და თუ ეს ჩვენ არ მოგვწონს, თურმე უნდა გავჩუმდეთ, "უფროსი ძმა ყოველთვის მართალია". ეს დამონების მცდელობას ხომ არ ჰგავს? თუმცა, "ამერიკული მონობა ჯობია რუსულს". არა ბატონო, ქართველი ერი ვერავის უღელს ვერ შეეგუება [...]

დღეს ყველაზე ახლოს არის საზოგადოება იმასთან, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ უნდა გვეყუდნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან. ჩვენი დროშა ყველას უნდა გვერჩივნოს! ჩვენ აუცილებლად გავხდებით რეალურად დამოუკიდებელი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო! დიდება ჩვენს გმირებს! დიდება საქართველოს!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გუშინ, 15 სექტემბერს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის „ხალხის ძალის" განცხადებებს.

ამასთან, დეგნანი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

„უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაშინ არსებობს მოლოდინი, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ", - განაცხადა კელი დეგნანმა („იმედის" თარგმანი).

ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

XS
SM
MD
LG