"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც მედიისთვის ხელმისაწვდომი დღეს, 16 სექტემბერს გახდა, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ პარტიები მათ ინტერესს არ გამოხატავენ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა პარტია, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, გამოკითხულმა მოსახლეობამ ასე უპასუხა:
- დიახ - 39%;
- არა - 56%;
- არ ვიცი - 4%;
- უარი პასუხზე - 1%.
ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების 65 პროცენტის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს. მეტიც, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პოლიტიკოსები და რუსეთი ქართულ საზოგადოებას ხლეჩენ.
NDI-ის კვლევის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაა, რომ არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.