საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს, მათ შორის, ქართველ ბერებს ამავე მონასტრიდან.
„კიდევ ერთხელ, დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა საუბარი. ყველა რჩევა, რომელიც მომცა გერონდამ, და რაც მითხრა, გამართლდა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა არქიმანდრიტ ეფრემს.
მონასტრის წინამძღვარმა ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ პატრიარქი ილია მეორე და მიტროპოლიტი შიო მის მიმართ ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას.
„მახარებს, რომ კიდევ ერთხელ გხვდებით, მეორედ, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. სამშობლო გიყვართ, პატრიოტი, კარგი მეოჯახე ბრძანდებით, მრავალშვილიანი, ეკლესიის მეგობარი ბრძანდებით. უწმინდესი პატრიარქი და მიტროპოლიტი შიო ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას თქვენი პიროვნებისადმი. ბევრი ქართველი ჩამოდის ჩვენთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს საქართველოსა და ათონის მთას შორის მაკავშირებელი არის ვატოპედის მონასტერი", - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილს არქიმანდრიტმა. მან დაამატა: „როგორც მოგახსენეთ პირად საუბარშიც, ბატონო პრემიერო, ძალიან მოგვწონს, რომ ქვეყანასაც ძალიან გონივრულად მართავთ".
არქიმანდრიტმა ეფრემმა მთავრობის მეთაური ათონის მთაზე მიიწვია.