უკრაინის ომში დაჭრილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მკვიდრი ახმატ ზასეევი დონის როსტოვის კლინიკაში გარდაიცვალა.
ოკუპირებული რეგიონის წყაროების თანახმად, დაჭრილი ზასეევი საავადმყოფოში 13 მაისს მოხვდა, ექიმების რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, სოფელ კვაისის მკვიდრი 26 წლის ზასეევის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მანამდე ცნობილი იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპული 18 მებრძოლის შესახებ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.