საქართველოს პრეზიდენტი გმობს „რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს“ უკრაინის ქალაქ იზიუმში.
„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ იზიუმის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელებმა სამხედრო პოლიგონზე სულ მცირე 440 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ იზიუმსა და სხვა რაიონებზე კონტრშეტევა სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და მალევე გაათავისუფლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმიდან რუსული ქვედანაყოფების გასვლა 10 სექტემბერს დაადასტურა.
გაზაფხულზე, რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაშიც.