ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ცხინვალელი მებრძოლი დაიღუპა. რუსლან ზასეევი ოკუპირებულ სოფელ კვაისას მცხოვრები იყო. იგი რუსეთის საოკუპაციო-სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდა და იქიდან წავიდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
როგორც დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, ზასეევი იყო რიგითი და მოტომსროლელთა ბატალიონის წევრი. ის სიკვდილის შემდეგ წარდგენილია ე.წ. სახელმწიფო ჯილდოზე. დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა მარატ პავლოვმა.
მანამდე ცნობილი იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ომში დაღუპული 19 მებრძოლის შესახებ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.