24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მინიმუმ 55 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და რუსეთს საშუალება არ მისცა ჰაერში ბატონობა განემტკიცებინა, განაცხადა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა ჯეიმს ჰეკერმა.
კიდევ მინიმუმ 5 თვითმფრინავი ხმელეთზე გაანადგურეს. გენერალ ჰეკერის თქმით, უზარმაზარი დანაკარგი იმის მთავარი მიზეზია, რომ რუსეთის გამანადგურებლები და ბომბდამშენები რუსეთის სამხედრო ოპერაციებში არ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს. ამასთან, უკრაინის არმია იყენებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შექმნილ საზენიტო რაკეტებს - S-300-სა და „ბუკს“. რუსეთის თვითმფრინავებისა და დრონებისგან თავის დასაცავად აღმოსავლეთევროპული ქვეყნების არსენალებიდან ასეთი კომპლექსების მიწოდება მოკავშირეების მიმართ კიევის ერთ-ერთი „უმთავრესი თხოვნა“ არის, თქვა ჯეიმს ჰეკერმა.
რუსეთის ძალების უუნარობა, სანდო საჰაერო დაცვა განაპირობონ საკუთარი ჯარებისთვის, ერთ-ერთი დიდი სიურპრიზი იყო ამერიკელი მეთვალყურეებისთვის, რომლებიც ელოდნენ, რომ რუსეთი დომინირებას შეძლებდა უკრაინის საჰაერო სივრცეში. ამასთან, ამერიკის შეფასებით, უკრაინამ შეძლო საკუთარი სამხედრო თვითმფრინავების 80%-ის შენარჩუნება, რომლებსაც ის აქტიურად იყენებს საჰაერო დარტყმებისთვის. გენერალ ჰეკერის შეფასებით, რუსეთმა „საკვანძო ტაქტიკური შეცდომა“ დაუშვა, როცა შეჭრის საწყის ეტაპზე საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა უკრაინის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გასანადგურებლად. თავის მხრივ უკრაინამ აგვისტოდან დაიწყო ამერიკული ანტისარადიოლოკაციო რაკეტების, AGM-88-ის მიღება. ამერიკელი ტექნიკოსები მათ უკრაინის Su-27-ებსა და MiG-29-ებზე ამაგრებენ. ეს რაკეტები რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გასანადგურებლად გამოიყენება.