Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის დედამ "TV პირველს" სასამართლოში მოუგო


თამარ ზაალიშვილი, ირაკლი კობახიძის დედა
თამარ ზაალიშვილი, ირაკლი კობახიძის დედა

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ "TV პირველს" სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ მიიჩნია, რომ არხზე გასული სიუჟეტით განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილის, თამარ ზაალიშვილის პატივი და ღირსება შეილახა.

"დაევალოს მაკა ჩიხლაძეს, რომ "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერით გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა - "მთავარი უზუსტობა, რაც იკვეთება ამ საქმეში არის ის, რომ თუ ეს სამსახური გარკვეული პერიოდის წინ დიპლომებს ასაღებდა როგორც ყალბს და არა ნამდვილს, თამარ ზაალიშვილი იგივე დიპლომებზე წერს, რომ ამ დიპლომების ნამდვილობაში ეჭვის შეტანა არის უსაფუძვლო..." - მოსარჩელეებს დაევალოთ მითითებული მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი წესით ცნობის გამოქვეყნება", - თქვა მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ.

დამატებით, "TV პირველს" მოსამართლემ დაავალა თამარ ზაალიშვილისთვის 5555 ლარის, ჟურნალისტებს ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს კი 5-5 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, 5555 ლარის გადახდა დაეკისრა ამ არხის რესპონდენტს, მარინე მიქაუტაძეს, რომელიც ერთ-ერთი წყარო იყო სიუჟეტის.

კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მოსამართლემ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

"მოპასუხე მხარის მხრიდან წარმოუდგენლადაც კი შეიძლება მიიჩნიოს ადამიანმა, ერთი ფაქტიც კი არ იყო წარმოდგენილი მათივე სასარგებლოდ. სასამართლო დაეყრდნო იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელიც არსებობს საქმეში", - თქვა თამარ ზაალიშვილმა.

"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი და გადაცემის ავტორი ნოდარ მელაძე უკანონოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მასალის მომზადების დროს დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტი.

"სასამართლო კლანის მიერ უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება კანონის სრული დარღვევით - შინაარსიც რომ არ განვიხილოთ ამ ჟურნალისტური გამოძიების, ვადები ჰქონდა ირაკლი კობახიძის დედას დარღვეული, თუმცა სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა დგას მმართველი პარტიის თავმჯდომარის დედა... ამით ცდილობენ ვეღარ შევძლოთ გამოძიების ჩატარება და დაგვაშინონ... ჟურნალისტმა გამოიყენა ინფორმაციის გადამოწმების და მეორე მხარის ჩაწერის ყველა საშუალება, რომელიც ჰქონდა - ირაკლი კობახიძის დედა იმალებოდა კამერებთან", - თქვა ნოდარ მელაძემ.

სიუჟეტი, რომლის შინაარსზეც ზაალიშვილი დავობდა, "TV პირველის" ეთერში 2021 წლის ივლისში გავიდა - ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვებოდა, რომ, სავარაუდოდ, თეატრალური უნივერსიტეტი ყალბ დიპლომებს გასცემდა. კობახიძის დედის ეპიზოდი ამ სიუჟეტში მხოლოდ ერთი დეტალი იყო.

"დოკუმენტებში ქექვამ და უნივერსიტეტიდან გაცემული დიპლომების შესწავლამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ თეატრალური უნივერსიტეტის ბეჭედდასმული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები სინამდვილეში ფარატინა ქაღალდებია... ყველას [სტუდენტს, რომელიც სიუჟეტში საუბრობდა] ერთი რამ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აერთიანებთ, უფრო სწორად, ეგონათ, რომ აერთიანებდათ, ვიდრე არ გაირკვა, რომ უმაღლეს სასწავლებელში 4 წელი ტყუილად იარეს", - აღნიშნავდა სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძე მასალაში.

მისი ერთ-ერთი რესპონდენტი იყო ამ უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე მარინე მიქაუტაძე. ის "უწყებების დუმილის" მიზეზად პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დედას ასახელებდა.

XS
SM
MD
LG