მოსკოვის მოქმედებები უკრაინის გამარჯვების შიშითაა ნაკარნახევი, ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების თაობაზე.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლისმა განაცხადა, რომ რეზერვისტების მობილიზაცია მოწმობს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩაშლილია. მისი სიტყვებით, პუტინმა და მისმა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ცუდად ეკიპირებული ათასობით სამხედრო გაგზავნეს უკრაინის ომში, „ცუდი მეთაურობით“.
„ვერავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ დაფარავს ფაქტებს, რომ ამ ომში უკრაინა იმარჯვებს, ასევე იმას, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მიერთების გეგმა არ აქვს. ორივე ეს პირობა პუტინის ახალი განკარგულებით და კვაზირეფერენდუმების გამოცხადებით, დაირღვა“, - აღნიშნა უოლისმა.
ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მობილიზაციის გამოცხადება ფრონტის ხაზზე პირადი შემადგენლობის მწვავე სიმწირეს მოწმობს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნატო კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას, რათა მან თავდაცვა შეძლოს. ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ცნობა დადასტურდა. რუსეთი უკრაინის განადგურებას და მისი ტერიტორიის ნაწილის მითვისებას ცდილობს, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“, - უთხრა მან სააგენტო "როიტერსს".
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „სასოწარკვეთილების აქტი“ უწოდა. მანვე განაცხადა, რომ „რუსეთი ვერ მოიგებს ამ დანაშაულებრივ ომს“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადებებისა და მუქარის მიუხედავად, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უცვლელია.
„პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა მშვიდობის საერთაშორისო დღეს, როცა გაეროს გენერალური ასამბლეის ქვეყნები უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ თანამშრომლობისთვის მუშაობას განაგრძობენ. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი და აგრესიის ერთი მსხვერპლი - უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი დარჩება“, - დაწერა მიშელმა ტვიტერზე.
ევროკომისიის წარმომადგენლის, პიტერ სტანოს განცხადებით, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, სასოწარკვეთის და შემდგომი ესკალაციის ნიშანია.
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინი მშვიდობით არაა დაინტერესებული, ის დაინტერესებულია განაგრძოს აგრესიის პედალირება“, - განაცხადა მან ევროკომისიის წარმომადგენლების პრესკონფერენციაზე.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პუტინის განკარგულება შეაფასა, როგორც უკრაინაში ომის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის მცდელობა. მისი სიტყვებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ვითარებაში ერთადერთ აგრესორი რუსეთია.
„ცრუ რეფერენდუმები და მობილიზაცია სისუსტის და რუსეთის მარცხის ნიშნებია. შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის თითქოსდა ანექსირებულ ტერიტორიაზე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - დაწერა ტვიტერზე აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა.
რუსეთი გეგმავს უკრაინასთან საომრად 300 ათასი მოქალაქის გაგზავნას. მას შემდეგ, რაც დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 300 ათას რეზერვისტს. როგორც შოიგუმ თქვა, გაწვევა არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში.
რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება". პუტინის თქმით, ეს პირები სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე გაივლიან სავალდებულო სამხედრო მომზადებას.