Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კბილის აღმომჩენები შარში ეხვევიან - სად არის ოროზმანელი ადამიანის კბილი? 


ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლთან არქეოლოგები გიორგი კოპალიანი, ნიკა წიქარიძე, გიორგი ბიძინაშვილი, ჯუმბერ კოპალიანი, ნიკა ვანიშვილი 8 სექტემბერს, აქ ნაპოვნი ადამიანის კბილის პრეზენტაციაზე
ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლთან არქეოლოგები გიორგი კოპალიანი, ნიკა წიქარიძე, გიორგი ბიძინაშვილი, ჯუმბერ კოპალიანი, ნიკა ვანიშვილი 8 სექტემბერს, აქ ნაპოვნი ადამიანის კბილის პრეზენტაციაზე

რადიო თავისუფლებას სამმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ 20 სექტემბერს, საღამოს საათებში, კულტურის სამინისტროს  გენერალური ინსპექციისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა პალეონტოლოგ ნიკა ვანიშვილს სახლში მიაკითხეს.

მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მეცნიერი თავისთან ინახავდა სოფელ ოროზმანში ნაპოვნ მნიშვნელოვან ისტორიულ არტეფაქტს - 1.8 მილიონი წლის წინანდელ კბილს. რადიო თავისუფლების ცნობით, არტეფაქტი მეცნიერის ბინიდან ამოიღეს, თავად ნიკა ვანიშვილი კი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოკითხეს.

როგორ შეიძლება კბილი აღმოჩენილიყო მეცნიერის სახლში?

პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი, ვის სახლშიც სავარაუდოდ ინახებოდა არტეფაქტი, ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და გიორგი ბიძინაშვილთან ერთად ამ ძეგლის ერთ-ერთი აღმომჩენია. გიორგი ბიძინაშვილი 2022 წლის გაზაფხულზე სხვა ათობით კოლეგასთან ერთად გაუშვეს ეროვნული მუზეუმიდან იქ მიმდინარე რეორგანიზაციის მიზეზით - თავად მეცნიერები მაშინ სამინისტროს დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებდნენ და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები სასამართლოში გაასაჩივრეს. სწორედ ნიკა ვანიშვილმა, გიორგი ბიძინაშვილმა, და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჯუმბერ კოპალიანმა წარუდგინეს საზოგადოებას 8 სექტემბერს ოროზმანის აღმოჩენა. მათთან ერთად იყო ექსპედიციის ხელმძღვანელის შვილი და არქეოლოგი გიორგი კოპალიანი და კიდევ ერთი არქეოლოგი, ნიკა წიქარიძე. ეს უკანასკნელი ასევე მუზეუმიდან 2022 წლის გაზაფხულზე გათავისუფლებული მეცნიერი და მეცნიერებისა და განათლების მუშაკთა პროფკავშირების დამფუძნებელია.

ექსპედიციის ხელმძღვანელი ჯუმბერ კოპალიანი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ოროზმანიდან არქეოლოგიური მასალა მან ნიკა ვანიშვილს 19 სექტემბერს გამოატანა, მაგრამ ეროვნული მუზეუმის ფონდებში იმავე დღეს არტეფაქტების ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმება ვერ მოესწრო.

“ნიკა ვანიშვილს ეს ყველაფერი გავატანე, მაგრამ გუშინ ვერ მოასწრეს მუზეუმში ჩაბარება, მიღება-ჩაბარების ოქმები უნდა გაეფორმებინათ და ველოდები [როდის მომცემენ]. გუშინწინ [19 სექტემბერს - რ.თ.] წამოიღეს, მუზეუმში მიგვაქვსო და არ ვიცოდი, პალეობიოლოგიაში [პალეობიოლოგიის ინსტიტუტი - რ.თ.] მიჰქონდათ თუ სად. ეს პალეობიოლოგიაც მუზეუმის შემადგენლობაშია. ჩემი ბიჭიც მუშაობდა ამ ექსპედიციაში, იმან დამირეკა და მითხრა, წამოიღო [არქეოლოგიური მასალა] იქიდან ინსპექციამო. მე გენერალური ინსპექციიდან არავინ დამკავშირებია, დეტალები არ ვიცი, სად რა იყო”, - გვითხრა ჯუმბერ კოპალიანმა.

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელის მონათხრობიდან ირკვევა, მეცნიერებმა ოროზმანში ნაპოვნი ქვის ხანის ადამიანის იარაღები, ცხოველების ნაშთები და ადამიანის კბილი ექსპედიციის დასრულების შემდეგ პალეობიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში მიიტანეს. მართალია, ეს ინსტიტუტი ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის, მაგრამ იგი ადმინისტრაციული შენობიდან მოშორებითაა, მთაწმინდაზე. ჯუმბერ კოპალიანმა გვითხრა, რომ შენობა სამინისტრომ არასაკმარისად დაცულ ნაგებობად მიიჩნია და ამიტომ გადაიტანა ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაპოვარი მუზეუმში. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ არტეფაქტებს აკლდა ჰომინიდის კბილი.

ოროზმანში ნაპოვნი ადამიანის კბილი
ოროზმანში ნაპოვნი ადამიანის კბილი

კულტურის სამინისტრომ, რომელიც ოროზმანის აღმოჩენას ამ დრომდე არ გამოხმაურებია, ოროზმანის არქეოლოგიური მასალის შემოწმება მაშინ გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ არტეფაქტები ველიდან პალეობიოლოგიის ინსტიტუტში გადაიტანეს და ამ შენობას 20 სექტემბერს ესტუმრა.

რადიო თავისუფლებას სხვადასხვა წყაროები უყვებიან, რომ კბილი 20 სექტემბერს ნიკა ვანიშვილმა პალეობიოლოგიის ინსტიტუტიდან სახლში წაიღო იმისათვის, რომ 21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის უცხოელი მონაწილეებისთვის ეჩვენებინა და შემდეგ უკან დაებრუნებინა, სამუზეუმო სივრცეში.

თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია „დმანისი-ოლდუვაი: ხიდი აფრიკასა და ევროპას შორის“, სადაც ნიკა ვანიშვილს კბილის პრეზენტაცია სურდა, 20 სექტემბერს გაიხსნა და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დმანისის პროექტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე და ოლდუვაის პროექტის ლიდერები, ინდიანის უნივერსიტეტის პროფესორები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები კეტი შიკი და ნიკ ტოტი.

თავად მეცნიერი, ნიკა ვანიშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, კომენტარს არ აკეთებს.

რა სტანდარტი იცავს კულტურულ მემკვიდრეობას

კულტურული მემკვიდრეობის კანონის თანახმად, არქეოლოგიური ძეგლი სახელმწიფოს საკუთრებაა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენით დაინტერესდა, მრავალი ფუნქციით დატვირთული და უშუალოდ მინისტრს დაქვემდებარებული სამსახურია. მის ამოცანებს შორისაა:

  • სამუზეუმო წესების განუხრელი დაცვის კონტროლი;
  • სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, ასევე მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე უნებართვოდ ან ნებართვის დარღვევით მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
  • საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება;

სად არის ახლა კბილი?

რადიო თავისუფლებისთვის უცნობია, ამ მომენტისთვის სად არის უძველესი ადამიანის კბილი, რომელიც, როგორც უმნიშვნელოვანესი მსოფლიო აღმოჩენა, ორი კვირის წინ ქართული და უცხოური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. კბილი შესაძლებელია ახლა მუზეუმში ინახებოდეს ან გამოძიებას ჰქონდეს, როგორც მთავარი ნივთმტკიცება.

თავად ოროზმანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მომუშავე მეცნიერებს უჭირთ იმის თქმა, სად არის ახლა კბილი, კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი ამ კითხვას პასუხს არ სცემენ.

კულტურის სამინისტრო ასევე არ პასუხობს კითხვას, მომხდარის გამო მხოლოდ მუზეუმის ინსპექციის შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, თუ გამოძიება სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაიწყეს.

პროკურატურაში არ ადასტურებენ, თუმცა რადიო თავისუფლებას ორმა სხვადასხვა წყარომ ეროვნული მუზეუმიდან უთხრა, რომ სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საქმე შესასწავლად პროკურატურას გადასცა.

განახლება

მოგვიანებით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კბილი ექსპედიციის ერთ-ერთი წევრმა სახლში წაიღო. კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალურმა ინსპექციამ კი არტეფაქტი ამოიღო და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

„მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG