Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: რუსეთმა უკრაინაში "უსირცხვილოდ დაარღვია" გაეროს ქარტია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში თავისი ომით "უსირცხვილოდ დაარღვია" გაეროს ქარტიის მთავარი პრინციპები, და მსოფლიოს გარშემო ქვეყნებს მოუწოდა, მტკიცედ იდგნენ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მკაცრად დაგმობისას, ბაიდენმა "სისხლისგამყინავი" უწოდა ცნობებს რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ბაიდენის თქმით, ევროპის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახალი ბირთვული მუქარა აჩვენებს "თავზეხელაღებულ უგულებელყოფას" პასუხისმგებლობებისა, რომლებიც რუსეთს ეკისრება, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერს.

ბაიდენმა რუსეთი გააკრიტიკა ყალბი რეფერენდუმების დანიშვნისთვის ტერიტორიებზე, რომლებიც მან ძალით წაართვა უკრაინას.

"გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მის მეზობელ ქვეყანაში, შეეცადა რუკიდან წაეშალა სუვერენული სახელმწიფო. რუსეთმა უსირცხვილოდ დაარღვია გაეროს ქარტიის მთავარი პრინციპები", - უთხრა ბაიდენმა გაეროში თავშეყრილ აუდიტორიას.

ბაიდენმა ყველა ქვეყანას - დემოკრატიებსაც და ავტოკრატიებსაც - მოუწოდა გააკრიტიკონ რუსეთის "სასტიკი, არასაჭირო ომი" და უკრაინას დაეხმარონ, დაიცვას საკუთარი თავი.

"ჩვენ სოლიდარულად ვიდგებით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. წერტილი", - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებზე საკვების მიწოდების ქსელისთვის და გამოვიდა 2.9 მილიარდი დოლარის გაღების დაპირებით საკვების უსაფრთხოებისთვის, რათა პასუხი გაეცეს ომით გამოწვეულ დეფიციტს და კლიმატის ცვლილებებს. ბაიდენმა შეაქო გაეროს შუამავლობით მიღწეული დერეფანი, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინის მარცვლეულის ზღვით ექსპორტს და განაცხადა, რომ შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს, მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად.

XS
SM
MD
LG