სასჯელაღსრულების კოლონია დატოვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ალეჰ ჰრუზდილოვიჩმა - მას ბელარუსის ხელისუფლებამ 18 თვით მიუსაჯა პატიმრობა იმ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, რომლებსაც იგი აკრედიტებული ჟურნალისტის რანგში აშუქებდა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ, 21 სექტემბერს, ჰრუზდილოვიჩი ლიეტუვაში ჩავიდა ცოლთან, მარიანასთან ერთად.
რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი - რომელმაც მანამდე ჰრუზდილოვიჩისთვის პატიმრობის მისჯა დაგმო და "არალეგიტიმური" უწოდა - მიესალმა ჟურნალისტის გათავისუფლებას. ჰრუზდილოვიჩი რადიო თავისუფლებისთვის 1990-იანი წლებიდან აშუქებს ადამიანის უფლებების საკითხებს.
ფლაის თქმით, ჰრუზდილოვიჩს "არამართებულად დაპატიმრებით წაართვეს დრო, რომელსაც ის თავის ოჯახთან გასატარებლად ვეღარასოდეს დაიბრუნებს". ჯეიმი ფლაიმ მადლობა გამოთქვა საერთაშორისო ჯგუფების მისამართით, მათი მხარდაჭერისთვის, თუმცა დასძინა, რომ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, რადგან ბელარუსში პატიმრობაში რჩება რადიო თავისუფლების ორი ყოფილი ჟურნალისტი.
ჰრუზდილოვიჩს პატიმრობა მარტის დასაწყისში მიუსაჯეს, იმ მასობრივ აქციაზე ყოფნის გამო, რომლითაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგს - ალიაქსანდრ ლუკაშენკას მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებას. ჰრუზდილოვიჩის თქმით, ის აქციას ჟურნალისტის რანგში ესწრებოდა.