Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპს და მის შვილებს თაღლითობაში ადანაშაულებენ


ფოტო არქივიდან. დონალდ ტრამპი და მისი შვილები ერიკი, ივანკა და უმცროსი დონალდი
ფოტო არქივიდან. დონალდ ტრამპი და მისი შვილები ერიკი, ივანკა და უმცროსი დონალდი

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურატურა თაღლითობით გამდიდრებაში ადანაშაულებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის შვილებს, ივანკას, ერიკს და უმცროს დონალდს.

გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის თანახმად, 2011-2021 წლებში „ტრამპის ორგანიზაცია“ უკანონოდ ზრდიდა მისი კუთვნილი ქონების ფასს, შეცდომაში შეჰყავდა სისტემა და ამ გზით საკუთარი კაპიტალი მილიარდობით დოლარით გაზარდა.

ჯეიმსი მოითხოვს, რომ ტრამპს და მის შვილებს აეკრძალოთ ნიუ-იორკის ნებისმიერ კომპანიაში საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება, ხოლო „ტრამპის ორგანიზაციას“ - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება და ოჯახმა ზარალის ასანაზღაურებლად გადაიხადოს 250 მილიონი დოლარი. ნიუ-იორკის პროკურორი 220-გვერდიან საქმეს გადასცემს ფედერალურ პროკურატურასა და საგადასახადო სამსახურს.

"ტრამპის ორგანიზაცია“ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საქმეს ფაქტებთან და კანონთან საერთო არაფერი აქვს. აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი დონალდ ტრამპი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა, მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017-2021 წლებში. მეორე ვადით კენჭისყრისას ის დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

აშშ-ში მიმდინარეობს არაერთი სხვა გამოძიებაც, რომელშიც ტრამპი ფიგურირებს. მათ შორისაა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმის და თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანის საქმეები.

XS
SM
MD
LG