Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაქსიმ გალკინის წარმოდგენის ბილეთები biletebi.ge-ზე ისევ გამოჩნდა


მაქსიმ გალკინი
მაქსიმ გალკინი

საქართველოში დაიწყო რუსი კომიკოსისა და შოუმენის, მაქსიმ გალკინის წარმოდგენის ბილეთების გაყიდვა. biletebi.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიო ტურის ფარგლებში საქართველოში გალკინის შოუ 2023 წლის 11 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზშია (ფილარმონიაშია) დაგეგმილი.

ბილეთების ფასი 60 ლარიდან იწყება და 350 ლარამდეა.

თბილისის საკონცერტო დარბაზის "ცხელ ხაზზე" ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, საბოლოო შეთანხმება კომიკოსთან ჯერ მიღწეული არ არის.

biletebi.ge-ზე იყიდება "მაშინა ვრემენის" კონცერტის ბილეთებიც. აფიშის მიხედვით, ღონისძიება 2023 წლის 7 აპრილს უნდა გაიმართოს. ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე იზრდება.

ონლაინ ბილეთების პლატფორმა biletebi.ge-ზე გალკინის შოუზე დასასწრები ბილეთები, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უკვე მეორედ იყიდება. აფიშის მიხედვით, წარმოდგენა თბილისის სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო, თუმცა დაწესებულებამ უარი თქვა.

"ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს [მაკარევიჩისა და გალკინის გარდა იგულისხმება ვალერი მელაძის კონცერტიც - რ.თ.] რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები", - ეწერა biletebi.ge-ის განცხადებაში, რომელიც 2 სექტემბერს გამოქვეყნდა.

რადიო თავისუფლება მაქსიმ გალკინის წარმოდგენის გამართვის დეტალებთან დაკავშირებით biletebi.ge-ის დაუკავშირდა. biletebi.ge-ის წარმომადგენელმა დავით მიზანდარმა გვითხრა, რომ დაკავებული იყო, საუბარს ვერ შეძლებდა და დაგვპირდა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად დაგვიკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG