Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდო მობილიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში „პანიკის დათესვის“ მცდელობად აფასებენ

 რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "სახელმწიფო დროშა"
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "სახელმწიფო დროშა"

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ „ოპონენტები“ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას "აფხაზურ-რუსული ურთიერთობების" გასამწვავებლად იყენებენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება ჩვენი ოპონენტების განზრახვის შესახებ, პანიკა დათესონ აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის კონტექსტში აფხაზურ-რუსული ურთიერთობების ფონის გაუარესების ამოცანის შესასრულებლად", - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ პრესცენტრის განცხადებაში.

განცხადებაში მითითებული არაა, ვინ იგულისხმება „ოპონენტებში“. მანამდე დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ინალ აძინბამ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ თემის მიმართ ბუნებრივ გრძნობებს „გარედან ხელოვნურად ამწვავებენ". მისი თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა.

გუშინ, 21 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა განაცხადა, რომ „მობილიზაცია აფხაზეთსაც შეეხება, ვინაიდან აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის 100% -ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ“. მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტრომ“ განმარტა, რომ პანკოვს მსგავსი არაფერი უთქვამს და ეს ინფორმაცია ყალბია.

თუმცა, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო კომისარმა ბესლან ტარბამ ფაქტობრივად იგივე სიტყვები გაიმეორა. რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტულ Sputnik.Абхазия-სთან საუბარში ტამბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთის მოსახლეობის 90%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს“.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა ჩვენ სწორად აღვიქვით, ის ნაწილობრივ ეხება ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებს. თუ ნაწილობრივი მობილიზაცია იქნება საჭირო, ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ, როცა ოფიციალურ ცალკეულ ბრძანებას მივიღებთ“, - განაცხადა „სამხედრო კომისარმა“.

მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტროში“ აღნიშნეს, რომ ბესლან ტარბას კომენტარები „არ ასახავს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას და კერძო მოსაზრებას წარმოადგეს“.

დე ფაქტო უწყებაში ამბობენ, რომ ისინი ასრულებენ „ამოცანებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში ადრე დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად“.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

XS
SM
MD
LG