Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნოვაია გაზეტა ევროპა“: მობილიზაციის განკარგულების საიდუმლო პუნქტი 1 მლნ ადამიანის გაწვევას ხდის შესაძლებელს


საილუსტრაციო ფოტო აქტივიდან
საილუსტრაციო ფოტო აქტივიდან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულება მობილიზაციის შესახებ 1 მილიონი ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპას“ აცნობა წყარომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

21 სექტემბერს პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი „ნაწილობრივი მობილიზაციის“ 10-პუნქტიანი განკარგულების იმ ვარიანტში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, მე-7 პუნქტი ამოღებულია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ეს იმით ახსნა, რომ მეშვიდე პუნქტი შიდა გამოყენებისთვისაა და მის კონკრეტულ შინაარსს ვერ გაამხელს. ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლია თუ არა ამ პუნქტის ზოგად შინაარსზე ილაპარაკოს ან მისი გასაიდუმლოების მიზეზი ახსნას, პესკოვმა უპასუხა, რომ ერთადერთი, რაც შეუძლია თქვას, არის ის, რომ თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ დაასახელა 300 ათასი ადამიანი და საუბარი სწორედ რაოდენობაზეა.

„ნოვაია გაზეტა ევროპის“ თანამოსაუბრე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა განკარგულების მთლიანი ტექსტი გამოქვეყნებულიყო გრიფის ქვეშ - „ოფიციალური გამოყენებისთვის“, რასაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ემხრობოდნენ.

წყაროს ცნობით, მოგვიანებით გადაწყდა გრიფირებული ყოფილიყო მხოლოდ განკარგულების მეშვიდე პუნქტი, რომელიც რეალურად სამობილიზაციო პირთა რაოდენობას შეეხება.

„ფიცრები რამდენჯერმე შეცვალეს, საბოლოოდ მილიონზე შეჩერდნენ“, - აზუსტებს გამოცემასთან წყარო.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ნოვაია გაზეტა ევროპა“ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობდა, რომლებიც, როგორც წესი, პრეზიდენტის ბრძანებების სრულ ტექსტებს იღებენ ხოლმე, მათ შორის კლასიფიცირებულს - „ოფიციალური გამოყენებისთვის". წყაროებმა რამდენიმე სამინისტროდან განაცხადეს, რომ განკარგულების სრული ტექსტი არ მიუღიათ, დოკუმენტის ნახვა ვერ ხერხდება უწყებათაშორისი დოკუმენტების მართვის სისტემაშიც.

22 სექტემბერს პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, „რია ნოვოსტისთან“ კომენტარში, „ნოვაია გაზეტა ევროპის“ ინფორმაციას განკარგულებაში მილიონი ადამიანის გაწვევის გეგმის შესახებ პუნქტის არსებობაზე, ტყუილი უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG