Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ანგარება, ტერორისტული აქტის ჩადენა" - პროკურატურა ბანკზე თავდამსხმელის მოტივს ასახელებს


პროკურატურამ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. მას ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ედავებიან.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად დაასახელა დანაშაულის მოტივი და თქვა, რომ "ეს არის ანგარება, ტერორისტული აქტის ჩადენა და საზოგადოების დაშინება".

მისივე თქმით, შესწავლილია ის საბრძოლო მასალა, რაც ამოიღეს და ამ მხრივ კვალიფიკაციის შეცვლა არ განიხილება:

"ვართ გამოძიების საწყის ეტაპზე. რაც შეეხება ასაფეთქებელ ნივთიერებებს და საბრძოლო მასალებს, ყველა მათგანი შესწავლილია და ამ ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ".

პროკურორმა ასევე თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, დანაშაულში სხვა თანამზრახველის მონაწილეობა არ იკვეთება, ამასთან, დაადასტურა, რომ გამოკითხულია დაკავებულის მეგობარი ქალი.

"ჩვენ გამოკითხული გვყავს საქმეზე დაკავებულის მეგობარი ქალი. მის მიმართ მოწმის მოძიების და გამოსაკითხად გამოძახების პროცედურა იყო".

გამოძიების ვერსიით, 20 სექტემბერს 11:15 საათზე სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა.

პროკურატურის განცხადებითვე, თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა "ტერორისტული მიზნით" მძევლად აიყვანა.

უწყების ცნობით, თავდამსხმელმა კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა.

"ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი... რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე, სამართალდამცავებმა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსიაა. იგი 20 სექტემბერს თითქმის 10-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. იგი თავდაპირველად 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა. ის სამართალდამცავებსა და მედიასთან მძევლების დახმარებით ურთიერთობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG