Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიიდან მობილიზებული მოქალაქეები სამხედრო კომისარიატებში მიჰყავთ


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ აგროვებენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების მაცხოვრებლებს სამხედრო გაწვევის პუნქტებში, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმის შემადგენელი ნაწილია.
მაგალითისთვის ტელეგრამის არხმა Baza-მ გამოაქვეყნა ორი სურათი ქალაქ დერბენტიდან, რომლებზეც ასახულია გამწვევ პუნქტში მყოფი რამდენიმე ადამიანი და სარეისო ავტობუსი. მათ გვერდით კი პოლიცია მორიგეობს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მობილიზაციის დაწყების გამო მღელვარებას ჰქონდა ადგილი დაღესტნის ბაბაიურტის რაიონში. Baza-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც კომისარიატის წინ მდგარი რამდენიმე ათეული მობილიზაციით უკმაყოფილო მამაკაცის პროტესტია აღბეჭდილი. ტელეგრამის არხ ASTRA-ს ცნობით, სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი ქალი ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ მობილიზაცია მათი მოვალეობაა, შეკრებილები კი მას უპასუხებენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკაა.

ASTRA-ს თანახმად, მობილიზებული ადამიანების პირველი პარტია კრასნოდარიდანაც წაიყვანეს. ტელეგრამის არხის ჩანაწერში მოხვდა ხალხის გადასაყვანად გამზადებული ხუთი ავტობუსი და შვიდი სამხედრო სატვირთო მანქანა დაღდასმული ასო Z-ით, რომელიც უკრაინაში შეჭრის დროს გახდა რუსეთის ჯარების მთავარი სიმბოლო.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG