Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვისაც მისწვდებიან, იმას იმყოფინებენ“ - რა შეუშლის ხელს მობილიზაციას


მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია ვილნიუსში.
მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია ვილნიუსში.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შეფასებით, ფრონტზე 300 ათას ადამიანს გაიწვევენ, იმათ, ვინც ახლა რეზერვში არიან. ფრონტზე პირველები ისინი წავლენ, ვინც ჯარშია ნამყოფი ან სამხედრო სპეციალობები აქვს გავლილი და გარკვეული გამოცდილება გააჩნია.

მოახერხებენ თუ არა სამხედრო სამსახურები ამ რაოდენობის ადამიანების მობილიზებას? ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ტაფტის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერ-თანამშრომელი პაველ ლუზინი ამაში დარწმუნებული არ არის.

პაველ ლუზინი
პაველ ლუზინი

- 300 ათასი, როგორც ჩანს, მიზნობრივი ნორმატივია, რომლის შესრულებასაც შეეცდებიან, მაგრამ არა მგონია, გამოუვიდეთ. მათ მართლაც სჭირდებათ ხალხი, რომლებსაც რაღაც უნარ-ჩვევები მაინც აქვთ. მაგრამ თუ ადამიანი 3 წელზე მეტი ხნის წინ მსახურობდა, ბევრი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ისევ კომპეტენტური გახდეს. თუ 5-7 წლის წინ მსახურობდა, ხელმეორედ უნდა გაწვრთნა. და სად არიან ის ნაწილები, რომლებმაც ეს მობილიზებული ხალხი უნდა მიიღონ? ჩემი აზრით, მობილიზაცია ასე ჩატარდება: ვისაც მისწვდებიან, იმათ იმყოფინებენ.

- საერთოდ რა არის „ნაწილობრივი მობილიზაცია“? რამდენად კანონიერია ის, რაც ახლა რუსეთში გამოაცხადეს?

- 1997 წლიდან რუსეთში არსებობს კანონი მობილიზაციის, სამობილიზაციო სამზადისის შესახებ. აქ გვხვდება ისეთი ცნება, როგორიცაა „ნაწილობრივი მობილიზაცია“, რომლის პარამეტრებსაც პრეზიდენტი ადგენს. ეს კანონი ჯერ კიდევ ელცინის პერიოდში მიიღეს. ერთგვარი საბჭოთა გადმონაშთია, რადგან საბჭოთა მობილიზაცია უფრო ძალადობრივი იყო. საერთოდ უცნაურია, რომ 2022 წელს სრულიად სხვა სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ვითარებაში კრემლმა გადაწყვიტა ყველა ის შეცდომა დაუშვას, რომლის დაშვებაც კი შესაძლებელია. „სათავსო იწვის, დაე, სახლსაც წაეკიდოს“.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაწილობრივი მობილიზაციის პარამეტრები არ ვიცით. ბრძანებაში ეს მითითებული არ არის. შოიგუმ თქვა, 300 ათასი, მაგრამ რამდენ ხანში ეს 300 ათასი? საით? სად არის ის ნაწილები, რომლებიც ამ ხალხს მიიღებენ? როგორც ჩანს, მათ საკადრო ნაწილებში კი არა, მოქმედ ნაწილებში გაგზავნიან, რომლებიც ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად ახლა ბრძოლის ველიდან ჰყავთ გამოყვანილი. ესეც საეჭვოა, რადგან ფსიქოლოგიურად დაითრგუნება ხალხი. დამატებითი ძალა ჩავა თუ არა, ცოცხლად გადარჩენილები მაშინვე თავიანთ ამბებს მოუყვებიან, რაც მათ დემორალიზაციას გამოიწვევს.

აქ ისიც არ არის გათვალისწინებული, რომ ხალხი მობილიზაციას წინააღმდეგობას გაუწევს. ადგილობრივი ხელისუფლებები ძალიან ცუდად არიან მომზადებული მობილიზაციისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაუგებარია, ეს ამხელა ბრბო როგორ უნდა გამოკვებო ან შემოსო. გასაგებია, რომ დანაკარგი საშინლად დიდია და ვინც დაიღუპა, იმისთვის ფული მაინც არის გამოყოფილი, საჭმელიც მარაგშია, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი საორგანიზაციო გამოწვევაა, თან ამ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას ლამის დამბლა აქვს დაცემული. მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩაფლავდება. ვერ მოახერხებენ ხალხის მობილიზებას.

- ამბობთ, რეგიონები მზად არ არიანო. მაგრამ ზოგ რეგიონში გაწვევის საბუთები პუტინის გამოსვლისთანავე გააგზავნეს.

- გააგზავნეს, მაგრამ ხალხმა მიიღო? თუ არ მიიღე და ხელი არ მოაწერე, ესე იგი არ მიიღე. ჩვენთან 2011 წლის შემდეგ 40-მა მილიონმა ადამიანმა შეიცვალა მისამართი, მათი ნახევარი მამაკაცია. ქაღალდებზე ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როდესაც ხალხის მოძებნაზე მიდგება საქმე, ირკვევა, რომ ის არაა, ეს არაა. სად ვეძებოთ? ამიტომ უამრავ გაწვევის საბუთს აგზავნიან, რომ ვიღაც მაინც იპოვონ. სულელებზე აქვთ გათვლა. მაგრამ ყველა ქმედებას უკუქმედება მოსდევს. თუნდაც მხოლოდ იმას თუ გავითვალისწინებთ, რაც ახლობლებისგან მესმის, ხალხი ბრძოლას და სიკვდილს არ აპირებს. ყველა ყველაფერს ხედავს, ყველას ესმის, რომ სამხედრო კატასტროფასთან გვაქვს საქმე. ეს კრემლის სამხედრო კატასტროფაა და არავის აქვს სურვილი, მას თანაუგრძნოს.

- მობილიზაცია მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებსაც შეეხება? მოსკოვში მთელი ძალით ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ სპეცოპერაცია არ არსებობს, მით უფრო, ომი.

- საიდანაც შეეძლებათ წაყვანა, წაიყვანენ, მათ შორის მოსკოვიდანაც და პიტერიდანაც, ეკატერინბურგიდანაც, ჩელიაბინსკიდან.

- იმ რიცხვებს, რუსეთის დანაკარგის შესახებ, რომელიც შოიგუმ დაასახელა, რეალობასთან რამე კავშირი აქვს?

- შეიძლება შოიგუს ნდობა? ეს არის ადამიანი, რომელიც თავდაცვაში რომ მოვიდა, ასეთი მეტსახელი ჰქონდა: „პიარ-მინისტრი“. ის ნებისმიერ სისულელეს წამოროშავს, თუ ხელს აძლევს.

- შეძლებს მობილიზაცია უკრაინის ფრონტზე ბალანსის შეცვლას?

- არანაირად. მათ [რუსეთმა] უკვე „გაფლანგეს“ გაწვრთნილი ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც გარკვეულწილად მოტივირებულებიც კი იყვნენ. ახლა ცდილობენ, ისინი იმ ხალხით ჩაანაცვლონ, რომლებსაც ცოტა არ იყოს დაავიწყდათ სამხედრო საქმე და იქ დაბრუნება არ უნდათ? ან ოფიცრებისგან ვინ დარჩა? ვიღაცები არიან ადეკვატურები, მაგრამ მთავარი ოფიცრებიც არაა. ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი უმცროსი ხელმძღვანელი პირები არიან, სერჟანტები, პრაპორშჩიკები. ისინი საიდანღა უნდა მოვიყვანოთ? ბევრი დაიღუპა ან დაიჭრა, ზოგი სამსახურიდან წავიდა.

შეიკრიბება ეს მობილიზებული 10 ათასი კაცი, ვისაც იპოვიან და რა? ვინ უხელმძღვანელებს? ვინ იქნება პასუხისმგებელი დისციპლინაზე? წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება კოლაფსი ორგანიზების თვალსაზრისით. ეს მხოლოდ აგონიის გახანგრძლივებაა, პალიატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG