Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ


ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია უარყოფს, რომ პარტიაში მარნეულის ორგანიზაციის წარმომადგენლები მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "TV პირველის" წამყვანმა 24 სექტემბრის ღამის ეთერში პირად წყაროზე დაყრდნობით უთხრა ნიკა მელიას, რომ მსგავსი დაპირისპირება პარტიის ოფისში მოხდა.

"რეალური კრიმინალური შემთხვევა, თუ თქვენ ამას მეუბნებით, რომ ეს მოხდა, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ხომ? როგორ ამბობთ? - პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებთან [მარნეულის ოფისის წარმომადგენლებთან] - ცხარე კამათი და ცხარე დისკუსია და ფიზიკური დაპირისპირება ერთი და იგივე არ არის...

მე ენის მოჩლექის გარეშე გეუბნებით, ეს არის ის შემთხვევა, რომელსაც ადგილი რომ ჰქონოდა, კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა და ამას, დამიჯერეთ, პირველ რიგში, "ქართული ოცნება" გამოიყენებდა. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოხდეს მსგავსი რამ და "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიგოს? მსგავსი რამ არ არსებობს", - თქვა მელიამ.

მან დასძინა, რომ პარტიაში არის "იდეათა ჭიდილი":

"არანაირ დიდ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი პარტიაში, გულახდილად ვამბობ ამას. არანაირ დაპირისპირებას, მით უფრო, ფიზიკურს. პერსონალურ დაპირისპირებას არ აქვს, იდეათა ჭიდილი არის, არის ბრძოლა ხედვებს შორის. მე ვფიქრობ, ეს არის ნორმალური."

ჟურნალისტმა ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარყო.

"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ამომრჩევლებმა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე [გულისხმობს თავის თავს]", - თქვა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. 2020 წლის არჩევნებზე, რომლის შედეგებსაც ეს პარტია გაყალბებულს უწოდებს, მის მიერ შექმნილმა კოალიციამ ოპოზიციიდან, ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პარლამენტი საკუთარი სურვილით დატოვა ნიკა მელიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG