Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი აქვეყნებს მოკვლევის შედეგებს ყოფილი სამხედროს დოსიეს რუსების ხელში ჩავარდნაზე


ქართველი ჯარისკაცის პირადი საქმე, კადრი რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან
ქართველი ჯარისკაცის პირადი საქმე, კადრი რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში ჩავარდნის შესახებ მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. სუსი აცხადებს, რომ დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან არ გავრცელებულა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. ამასთან, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება.

ასევე დგინდება, რომ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ქალაქ ლისიჩანსკში აღმოჩენილ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია და აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს, რაც მან გამოკითხვის დროს არ უარყო", - აცხადებს სუსი.

დამატებით, საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ რუსული მედიასაშუალებით გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერთიფიკატისა, რომლებიც არ არის საიდუმლო.

"დამატებით დადგინდა, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალები შეიცავს ზოგიერთ ისეთ ცნობას და ინფორმაციას, რაც არასდროს დაფიქსირებულა მიხეილ ქამხაძის სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში. კერძოდ, კადრებში გავრცელებული მიხეილ ქამხაძის ავტობიოგრაფია შეიცავს მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ არსებულ მონაცემებს, რასაც ადასტურებს თავად მიხეილ ქამხაძეც და განმარტავს, რომ აღნიშნული ავტობიოგრაფია მან შეადგინა თავად, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ გამორიცხავს გავრცელებული მასალების დაცულ საქმესთან კავშირს", - აცხადებს სუსი.

გამოძიების შუალედური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ საფუძველი არსებობს "აღნიშნული კამპანია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება როგორც ქართული სპეცსამსახურის, ისე თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას".

უკრაინაში, რუსი ჯარისკაცების ხელში ქართველი მებრძოლის პირადი საქმის მოხვედრის შესახებ პირველად ინფორმაცია ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა - ვიდეოში, რომელსაც ე.წ. ლნრ-ს სახალხო რესპუბლიკის მილიციის ლოგო ადევს, ჩანს დოკუმენტებიანი საქაღალდე. "იუტუბიზე" გავრცელებული ვიდეო 2022 წლის 28 ივლისით თარიღდება და ის ატვირთულია მომხმარებლის, rusvesna.su1945-ის მიერ.

ვიდეო რუსი სამხედროების მიერაა გადაღებული, რომლებიც ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ქალაქზე უკრაინულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი.

საუბარია ანკეტაზე, ბიოგრაფიასა და სხვადასხვა საბუთზე, რომლებიც თადარიგის ოფიცერს, მიხეილ ქამხაძეს ეკუთვნის. ქამხაძე ახლა უკრაინაში იბრძვის და ამბობს, რომ მისი პირადი საქმის შემცველი საქაღალდის ორიგინალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა და მას უკრაინაში ფიზიკურად ვერ ექნებოდა. სწორედ ამან გააჩინა კითხვები საბუთების უკრაინაში მოხვედრის გზებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG