Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გმობს ირანში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის ძალადობას


ჟოზეპ ბორელი. პრაღა. 29 აგვისტო, 2022 წელი
ჟოზეპ ბორელი. პრაღა. 29 აგვისტო, 2022 წელი

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა დაგმო ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა.

მისი თქმით, პოლიციის ქმედება არის არაპროპორციული და მიუღებელი. ბორელმა განაცხადა, რომ ირანმა „დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა და უზრუნველყოს ინტერნეტთან წვდომა“.

მან მოითხოვა ინფორმაცია მოკლულთა და დაკავებულთა რაოდენობის შესახებ და „მაჰსა ამინის მკვლელობის“ საქმის გამოძიება.

მღელვარება ირანის ათობით ქალაქს მოედო 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის მორალის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ სიკვდილის გამო. პოლიცია აცხადებს, რომ ქალი მოულოდნელი გულის შეტევით გარდაიცვალა და უარყოფს აქტივისტების განცხადებებს, რომ ის ნაცემი იყო.

საპროტესტო აქციები ამინის მშობლიურ ქალაქში, ქურთთა რეგიონში დაიწყო და შემდეგ გავრცელდა ქვეყნის სხვა ნაწილებშიც, თეირანის ჩათვლით. ხელისუფლებამ შეზღუდა ინტერნეტით სარგებლობა.

ირანის მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაიმართა ირანის საელჩოებთანაც საზღვარგარეთ, მათ შორის თბილისშიც.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში მღელვარებას ამ დრომდე ემსხვერპლა 41 ადამიანი, თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები და სხვა დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ მსხვერპლის რიცხვი უფრო დიდია, იმ ფონზე, როცა საპროტესტო აქციები მოედო სულ მცირე 80 ქალაქსა და დასახლებას.

XS
SM
MD
LG