Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი არც უარყოფს და არც ადასტურებს უკრაინის მიწების ახალ ოლქად გაერთიანების განზრახვას


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა შეკითხვას, აპირებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება ახალი, "ყირიმის ფედერალური ოლქის" შექმნას და მის შემადგენლობაში ყირიმის ნახევარკუნძულის და უკრაინის კიდევ 4 რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს შეყვანას.

დღეს, 27 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, ადასტურებს თუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ახალი ოლქის შექმნის და მის ხელმძღვანელად „როსკოსმოსის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, დმიტრი როგოზინის დანიშვნის შესახებ.

„ჩვენ არასდროს ვახდენთ პრეზიდენტის ასეთი განკარგულებების ან ასეთი საკადრო გადაწყვეტილებების ანონსირებას. თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებები მიღებული იქნება, ინფორმაციას შესაბამისად მოგაწვდით“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთი საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 სექტემბრიდან ატარებს ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. "რეფერენდუმები" დღეს, 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ფედერალური კრებისადმი მიმართვას გამოიყენებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების გამოსაცხადებლად. პუტინმა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას - დუმას და ფედერაციის საბჭოს 30 სექტემბერს უნდა მიმართოს.

დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.

რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

XS
SM
MD
LG