Accessibility links

site logo site logo

"პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს მივმართავ შს მინისტრის გადაყენების მოთხოვნით" - მუხთარლი


აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ თავისი გატაცების საქმეზე პარლამენტსა და პრემიერს მიმართავს წერილობით. იგი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაყენებას მოითხოვს. აფგან მუხთარლი თბილისში დღეს ჩამოვიდა.

მუხთარლიმ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ პრესკონფერენცია გამართა და თავისი გატაცების საქმეზე მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა.

„[საქართველოს] პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს მივმართავ შს მინისტრის გადაყენების მოთხოვნით, ასევე პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციებს“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მუხთარლის სიტყვებით, მისი გატაცების უკან ქართული მხრიდან ბიძინა ივანიშვილი იდგა, აზერბაიჯანული მხრიდან კი - პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და „ეს ყველაფერი გააკეთეს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა“, საქართველოს კრიმინალურ პოლიციასთან ერთად.

აფგან მუხთარლის უფლებადამცველმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ მუხთარლიმ საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მის საქმეზე ინფორმაცია გაავრცელა. ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თანახმად, გოგაშვილმა საქმეში ფიგურანტად დაასახელა როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე ვახტანგ გომელაური, ასევე დავალების შემსრულებელი "კუპრაშვილი".

ადვოკატის თქმით, მუხთარლის სურს, დაეხმაროს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში.

"მას შემდეგ, რაც ამ ადამიანის გამოკითხვა დასრულდა და გავრცელდა ეს ინფორმაცია, წერილობით 17 სექტემბერს მივმართეთ პროკურატურას, მოვითხოვეთ სისხლის სამართლის მასალების გაცნობა, რათა გვქონდეს ინფორმაცია, თუ რა ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მაგალითად, ამ ადამიანის ვინაობის დადგენა, სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.

აფგანმა გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რათა დახმარებოდა გამოძიებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამოცნობების ჩატარება, დასახელებული ადამიანის იდენტიფიცირება, იყო თუ არა ეს ადამიანი გამტაცებლებს შორის. დღეს გავეცნობით სისხლის სამართლის საქმის მასალებს. როდესაც უკვე გვექნება ოფიციალურად ინფორმაცია, თუ რას აკეთებენ, ამის შემდეგ საჭირო საგამოძიებო მოქმედებებს მოვითხოვთ".

26 ივლისს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სახელით წერილი გავრცელდა, რომელშიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზე იყო საუბარი. მისი თქმით, თბილისში მცხოვრები აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, რისი ამსახველი კადრებიც, გოგაშვილის ინფორმაციით, წაშალეს.

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG