Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გაიმართა


თბილისი, რუსთაველის გამზირი
თბილისი, რუსთაველის გამზირი

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავზე თბილისში, რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გაიმართა. დემონსტრაციის ორგანიზატორები არიან: „ევროპული საქართველო", „ტაბულა", „აფხაზთა კრება", „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება", „თავისუფლების ინსტიტუტი" და უკრაინელი აქტივისტები საქართველოში.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის. დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ. ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ".

„ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობდა, ამბობს: „დღეს მძიმე დღე არის ისტორიულად. ალბათ, ყველაზე მძიმე საქართველოს ახლო ისტორიაში - სოხუმის დაცემის და იმ უბედურების, გენოციდის, რაც რუსეთმა დამართა საქართველოს. მორალური ვალიც არის, რომ ამ დღეს გავიხსენოთ ის ხალხი, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მთლიანობას და ის ადამიანები - დევნილები, ვისზეც გადაიარა ამ უბედურებამ. ამავე დროს, მნიშვნელოვანი დღე არის, რომ გვახსოვდეს, ჩვენი მტერი ვინ არის და არავის არ ავარევინოთ ტვინი, რომ მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვერიოს. არავის არ მოვატყუებინოთ თავი, რომ „თუ მტერს დაუწვები, ის არ გადაგივლის“. 90-იანი წლების დასაწყისში არც NATO-ს საკითხი იდგა და არც ევროკავშირის, პირიქით, დასავლეთის შეცდომით, საქართველო მათი ყურადღების არეალში არ იყო და მაშინ დასუსტებულმა, პუტინამდელმა რუსეთმა მოგვიწყო გენოციდი. ასეთივე საფრთხე იქნება უკრაინაში [რუსეთის] დამარცხების შემდეგ - პუტინის შემდგომი რუსეთი, თუ ჩვენ ფეხზე არ ვიდგებით, ახლა თუ არ ვიმოქმედეთ და არ გავხდით NATO-ს წევრი, ძლიერი, თავისუფალი ქვეყანა. ეს აგვაცილებს ომს და არა პირიქით“.

როგორც ბოკერია ამბობს, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი NATO-ს წევრები გახდნენ, რაც განაპირობებს მათ თავისუფლებასა და დაცულობას. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში საქართველომ და უკრაინამ შანსი ვერ გამოიყენეს. მას მიაჩნია, რომ საქართველომ შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და შანსი ხელიდან არ გაუშვას, მხოლოდ იმიტომ, რომ „ამ კაცს, ივანიშვილს საკუთარი ფული და ძალაუფლება უფრო უღირს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მომავალი და ვაჭრობს საკუთარი ქვეყნის ბედით. ანტიდასავლურს კი არა, ანტიქართულ პოლიტიკას ეწევა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG