ევროკავშირი მიზანმიმართული ქმედების შედეგად აფასებს „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილსადენიდან ბალტიის ზღვაში ბუნებრივი გაზის გაჟონვას. ამის შესახებ ევროკავშირის სახელით დღეს, 28 სექტემბერს განაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა. ის აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხებს უპირველესი მნიშვნელობა აქვს, ინციდენტები არ წარმოადგენს უბრალო შემთხვევითობას და ყველას ეხება.
ბორელის თანახმად, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც მიმართული იქნება მომხდარში სრული სიცხადის შეტანისკენ და გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერ მიზანმიმართულ ხელყოფას საერთო და მტკიცე პასუხი მოჰყვება.
დანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა 27 სექტემბერს განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილსადენზე 26 სექტემბერს მომხდარი აფეთქებები იყო არა შემთხვევითი ავარია, არამედ მიზანმიმართული ქმედება და დიდი ალბათობით, წარმოადგენს დივერსიას და საბოტაჟს. დაწყებულია გამოძიება. ევროკავშირის ქვეყნებს გამოძიების პროცესში დახმარება შესთავაზა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
"ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენების დაზიანებული მონაკვეთებიდან ბუნებრივმა გაზმა დანიის და შვედეთის ეკონომიკური ზონების ტერიტორიაზე გაჟონა. დანიის შეიარაღებული ძალების სარდლობამ 27 სექტემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია ზღვაში გაზის გაჟონვა.
27 სექტემბერს, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მომხდარით შეშფოთებულია და აუცილებელია სწრაფი გამოძიება. პესკოვის თქმით, დივერსია გამორიცხული არ არის. დღეს, 28 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიწვევის შემთხვევაში, რუსეთი გამოძიების პროცესში ჩაერთვება.
რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპას ბალტიის ზღვის გავლით აწვდის ბუნებრივ გაზს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსეთმა ტექნიკური სამუშაოების საბაბით, გაზის მიწოდება 20%-მდე შეამცირა. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, მის სერტიფიცირებაზე გერმანიამ უარი თქვა მას შემდეგ, რაც უკრაინაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ე.წ. დამოუკიდებლობა. შესაბამისად, მეორე მილსადენში გაზი არის, თუმცა, მისი ტრანსპორტირება არ ხდება.