საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ვიდეო და ფოტო მასალას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
"ყურადღება გამახვილდა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.