Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, თელარა გელანტია ბრიფინგებზე დაუშვას


ჟურნალისტი თელარა გელანტია
ჟურნალისტი თელარა გელანტია

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, BM.GE-ის მთავარი რედაქტორი და ჟურნალისტი თელარა გელანტია დაუშვას ბრიფინგებზე. ამ განცხადებაში ომბუდსმენი კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ საჯარო დებატებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი თითოეული წევრის ჩართულობის აუცილებელი წინაპირობაა. თავის მხრივ, კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. სახალხო დამცველი საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე", - აცხადებს სახალხო დამცველი.

თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში პირველად 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს. როგორც ამბობს, მიზეზად უთხრეს, რომ "ბევრ კითხვას" სვამდა და ამით მის კოლეგებს ხელი ეშლებოდათ მუშაობაში.

ოფიციალური განმარტება მომხდარზე მთავრობის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია. ამ ფაქტის გამო თელარა გელანტიამ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა და დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვა.

თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში 26 სექტემბერსაც არ შეუშვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG