Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას სთავაზობს


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მიერ არაღიარებული რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადეს.

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამართულ კენჭისყრას ფსევდო-რეფერენდუმები უწოდეს და აღნიშნეს, რომ გამოცხადებული შედეგები, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოთხი რეგიონის მცხოვრებლებმა, სავარაუდოდ, ხმა მისცეს რუსეთთან შეერთებას, არასოდეს იქნება აღიარებული ევროკავშირის ქვეყნების მიერ.

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებიდან რიგით მერვე სანქციების პაკეტი რუსული საქონლის იმპორტის შემდგომ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ევროკომისიის გათვლებით, სანქციათა მორიგი პაკეტის შედეგად რუსეთის ბიუჯეტი მინიმუმ 7 მილიარდი დოლარის შემოსავალს დაკარგავს. ჯერჯერობით კონკრეტული საქონლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ უფრო ადრე არაერთი მედიასაშუალება აცხადებდა, რომ ეს შეიძლება იყოს გადაუმუშავებელი ბრილიანტები.

გარდა ამისა, შემოთავაზებულია რუსეთიდან იმპორტის ახალი შეზღუდვების შემოღება ელექტრონიკასა და მთელი რიგ ქიმიკატებზე. ასევე რუსეთის სახელმწიფო კორპორაციების დირექტორთა საბჭოებში პოზიციების დაკავება აეკრძალებათ ევროკავშირის მოქალაქეებს. მოსალოდნელია სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სიების გაფართოებაც.

ევროკომისიის წინადადებას ახლა ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ. სანქციების დასამტკიცებლად კონსენსუსია საჭირო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ უახლოეს მომავალში ახალ სანქციებს აამოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG