Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსეთი კარგავს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს


უკრაინელი სამხედრო აღმართავს უკრაინის დროშას გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან. 2022 წლის 20 სექტემბერი
უკრაინელი სამხედრო აღმართავს უკრაინის დროშას გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან. 2022 წლის 20 სექტემბერი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, უკრაინის არმია რუსეთის ჯარების პოზიციებს უტევს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან 12 კილომეტრში. ცენტრის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ რუსი სამხედრო ბლოგერების შეფასებებზე, რომ ლიმანში რუსეთის დაჯგუფებები მალე დამარცხდებიან.

ISW-ის ექსპერტთა თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას ექნება სერიოზული შედეგები დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუგანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინელ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან და სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის რაიონებში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, ლიმანი თითქმის სრულად უკრაინელი სამხედროების ალყაშია.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობდა ლიმანის რაიონში ბოლოდროინდელ დანაკარგებზე და მზად არ იყო ფრონტის ამ სექტორის დაცემისთვის, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც დაბალ მორალურ სულისკვეთებას.

ISW-ის ექსპერტთა თანახმად, მსგავსი სიტუაცია იყო ხარკოვის ოლქში დამარცხების წინ, რამაც რუს სამხედროებში პანიკა გამოიწვია აღმოსავლეთის მთელ მიმართულებაზე, ხოლო რუსეთის ნაციონალისტურ საინფორმაციო სივრცეში დაწყებულმა კრიტიკამ კრემლს უბიძგა „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებისკენ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვან დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელების შემდგომმა წარმატებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმაოს უთანხმოება რუს ნაციონალისტებსა და სამხედრო ხელმძღვანელობას და ჯარისკაცებსა და მეთაურებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG