Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კეზერაშვილი: ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას


ფოტოკოლაჟი: ტელეკომპანია "ფორმულის" ლოგო და დავით კეზერაშვილი
ფოტოკოლაჟი: ტელეკომპანია "ფორმულის" ლოგო და დავით კეზერაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, ტელეკომპანია "ფორმულის" 51-პროცენტიანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ოპოზიციაში მის მიმართ გაჩენილ ბრალდებებზე საპასუხოდ გაავრცელა.

"რა თქმა უნდა, ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას - მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია "ფორმულასა" და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, უკან არ დავიხევთ.

ტელეკომპანია "ფორმულა" თავისი არაჩვეულებრივი გუნდით, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში, უპირობოდ იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე", - აცხადებს კეზერაშვილი.

ტელეკომპანია "ფორმულა" 2019 წელს მას შემდეგ შეიქმნა, რაც "რუსთავი 2-ის" თანამშრომლების ნაწილმა არ ისურვა შეცვლილ მფლობელთან მუშაობა. არხი მიშა მშვილდაძემ, ირაკლი საღინაძემ, ზუკა გუმბარიძემ და გიორგი ლიფონავამ დააფუძნეს, მოგვიანებით კი მისი 51-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა დავით კეზერაშვილი.

2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს, დავით კეზერაშვილს, უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. პროკურატურა კეზერაშვილს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG