ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ დაადასტურა, რომ ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით შუაღამიდან, ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ახლა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის საფრთხედ განიხილება, განაცხადა პეკა ჰაავისტომ.
მისივე ინფორმაციით, ოჯახების მოსანახულებლად, სამუშაოდ და სასწავლებლად შესვლა კვლავ ნებადართული იქნება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობს ათასობით მამაკაცი. კილომეტრიანი რიგებია რუსეთ-ფინეთის, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ყაზახეთის საზღვრებზე.