Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის სპიკერმა მხარი დაუჭირა ჯარში გასაწვევი პირებისთვის საზღვრის ჩაკეტვას


BBC-ის რუსული რედაქცია რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიაჩესლავ ვოლოდინმა მხარი დაუჭირა ჯარში გასაწვევი პირებისთვის საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას.

„მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე, მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ეკრძალებათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება კომისარიატის თანხმობის გარეშე. კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით უნდა იხელმძღვანელოს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფმა ყველა პირმა", - დაწერა ვოლოდინმა.

მობილიზაციის გამოცხადებისთანავე გავრცელდა ცნობები ჯარში გასაწვევი კაცებისთვის საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ. რუსეთის ათეულობით ათასი მოქალაქე, რომლებსაც ომში წასვლა არ სურთ, მასობრივად ტოვებს ქვეყანას. კილომეტრიანი რიგებია, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან.

უმრავლესობა ახერხებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთას, თუმცა მათთვის, ვისზეც უკვე გასცეს ჯარში გაწვევის უწყება, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა ვრცელდება.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობს ათასობით მამაკაცი. კილომეტრიანი რიგებია რუსეთ-ფინეთის, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ყაზახეთის საზღვრებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG