Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ 30 სექტემბერს მოახდენს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირებას


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

კრემლმა გამოაცხადა, რომ 30 სექტემბერს ოფიციალურად მოახდენს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირებას - იმ ფონზე, როცა დასავლეთი ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ყალბს უწოდებს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერები უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან. მისივე თქმით, "რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების შესახებ შეთანხმებების" ცერემონია დაიწყება მოსკოვის დროით დღის 3 საათზე. პუტინი დოკუმენტებს ხელს მოაწერს კრემლის დარბაზში და სიტყვითაც გამოვა, აღნიშნავს პესკოვი. ცერემონიის შემდეგ გაიმართება პოპ-მუსიკის კონცერტი წითელ მოედანზე, სადაც უკვე აღმართეს უზარმაზარი ეკრანები და სადაც გამოკრულ ბილბორდებზე წერია: "დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი - რუსეთია!".

უკრაინის რეგიონებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა "ოფიციალურმა პირებმა" განაცხადეს, რომ ამომრჩეველმა დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი რუსეთთან გაერთიანებას - თუმცა კენჭისყრას უარყოფენ უკრაინა, დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები და გაერო, რადგან რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლით უკანონო იყო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 30 სექტემბერს გამართავს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას, ამბობს მისი პრესმდივანი. ზელენსკი აცხადებს, რომ ანექსირებას მკაცრი პასუხი გაეცემა.

XS
SM
MD
LG