Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერეშჩუკი საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს სთხოვს ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში დაეხმარონ


ირინა ვერეშჩუკი, მინისტრი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში
ირინა ვერეშჩუკი, მინისტრი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში

უკრაინის ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებს სთხოვს, ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაზე უარი არ უთხრან. ვერეშჩუკის შესაბამისი განცხადება ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

მისი სიტყვებით, ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ უკანონო მობილიზაცია დაიყო.

მათ დაიწყეს ყირიმელი თათრების და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასობრივი მობილიზება ომში ოკუპანტების მხარეს საბრძოლველად. ყირიმელი თათრები და უკრაინული ყირიმის სხვა ძირძველი ხალხები ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას“, - ნათქვამია ირინა ვერეშჩუკის განცხადებაში.

ვერეშჩუკის თანახმად, უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ბალტიის ქვეყნების წარმომადგენელი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებიან, რის გამოც ვერეშჩუკი ამ პრობლემით დაინტერესების თხოვნით მიმართავს ამ ქვეყნების მთავრობებს.

“ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების უკრაინული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გადასვლას. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს!“ - ნათქვამია ვერეშჩუკის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობს ათასობით მამაკაცი. კილომეტრიანი რიგებია რუსეთ-ფინეთის, რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ყაზახეთის საზღვრებზე.

მოსკოვმა 2014 წლის დასაწყისში მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია.

XS
SM
MD
LG