Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოა" - კინზინგერი ლუკაშენკას ვიზიტზე

ადამ კინზინგერი, აშშ-ის კონგრესმენი
ადამ კინზინგერი, აშშ-ის კონგრესმენი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას​ ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. წერილობითი კომენტარი რესპუბლიკელი კონგრესმენისგან "ამერიკის ხმამ" აიღო.

"მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია", - ამბობს კონგრესმენი.

ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს წინასწარ უცნობი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

ლუკაშენკას არაოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რეაგირება იქნება უმკაცრესი.

საქართველოს პირველმა პირებმა ლუკაშენკას არაოფიციალურ ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.

XS
SM
MD
LG