Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძის განცხადებით, საქართველომ NATO-ში გაწევრების იგივე პროცედურა უნდა მოითხოვოს, რაც უკრაინამ


ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი
ზურაბ ჯაფარიძე, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა უკრაინის გადაწყვეტილებას, შეიტანოს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრების შესახებ განაცხადი. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველომ იგივე პროცედურა უნდა გაიაროს, რაც უკრაინამ.

„ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს. დეტალები ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ საუბარია დაჩქარებული წესით NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტზე აპელირებით. როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველომ პირველმა იწვნია საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია და პირველმა იომა პუტინის ურდოს წინააღმდეგ. ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის. რა ტიპის დაჩქარებულ პროცედურაზეც არ უნდა იყოს საუბარი, იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ ჩვენც", - დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ- მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სპეფანჩუკთან ერთად მოაწერა ხელი NATO-ში წარსადგენ დოკუმენტს.

2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წვერები გახდებოდნენ, მაგრამ ქვეყნებს არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

2021 წელს მოსკოვმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების უარყოფა მოითხოვა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თებერვალში მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას განჭვრეტად მომავალში.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტო Reuters-ს მიმდინარე წლის სექტემბერში აცნობა, რომ პუტინმა ომის დასაწყისში უკრაინასთან შეთანხმების შესაძლებლობა უარყო, რომელიც ითვალისწინებდა კიევის უარს NATO-ში გაწევრიანებაზე.

XS
SM
MD
LG