Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია სააკაშვილის დაკავებიდან 1 წლის თავზე განცხადებას ავრცელებს


ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია
ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია

პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამ პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 1 წლის თავზე მის გათავისუფლების გზებზე განცხადებას ავრცელებს. მელია სააკაშვილს "რუსი ოლიგარქის" ტყვედ მოიხსენიებს.

"მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს.

უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან - ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა.

მისი თავისუფლების გზა ქვეყნის თავისუფლებასა და რუსეთისგან, რუსული ხელისუფლებისგან განთავისუფლებაზე გადის", - წერს მელია ფეისბუკზე.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილი არ დაუკავებიათ იმ საქმეების გამო, რომლებიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლოში.

"ის დაიჭირეს გამბედაობისთვის, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო და გამბედაობისთვის, დაბრუნებულიყო ქართველი ხალხის მონაპოვარის, ამ სახელმწიფოს დასაცავად, რომელსაც ათი წელია ასე მონდომებით ანგრევს ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.

რუსულმა ოცნებამ მას პასუხი აგებინა სწორედ იმისთვის, რომ მან, მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნით საფრთხე შეუქმნა რუსების იმპერიალისტურ ოცნებას და რუსეთის ინტერესებს.

ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის", - აცხადებს მელია.

დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა საქართველოში. სააკაშვილის მიერ საქართველოში გადაღებული ვიდეოების გავრცელების მიუხედავად, 1 ოქტომბერს მმართველი გუნდის წევრები მედიას ეუბნებოდნენ, რომ ის ქვეყანაში არ იყო.

იმავე დღეს გვიან საღამოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს "ბიძინობა" მიულოცა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

XS
SM
MD
LG