Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედია, 2%-ზე მეტ ხმას მივიღებ" - "ქართული ოცნების" ერთადერთი კონკურენტი სენაკში


მამუკა ტუსკაძე
მამუკა ტუსკაძე

სენაკის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატის ზაზა ყურაშვილის ერთადერთ კონკურენტს - "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარეს, მამუკა ტუსკაძეს გამარჯვების იმედი არ აქვს, თუმცა კენჭისყრაში მაინც მონაწილეობს. როგორც ამბობს, მისი მთავარი მიზანია, საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური ხედვები გააცნოს.

"დიდი იმედი მაქვს, რომ 2-პროცენტიან ნიშნულს კი არადა, მეტ შედეგსაც მივიღებთ ამ არჩევნებში. კარგი საარჩევნო კამპანია გვქონდა, თავისუფალ გარემოში. მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა დათმო ეს არჩევნები და იმედი მაქვს, რომ 2024 წელსაც ასე იზამენ და დაუთმობენ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს [პოლიტიკურ სივრცეს]", - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს: "ნაციონალურ მოძრაობას", "გახარია საქართველოსთვის" და "ლელოს" ამ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი არ დაუსახელებიათ, რადგან მიაჩნიათ, რომ საკრებულოს სრული შემადგენლობა ახლიდან არის ასარჩევი.

თუ ამ შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს, პარტიას სენაკის საკრებულოში 17 ხმა ექნება - უმრავლესობაში მყოფ დეპუტატებს შეეძლებათ აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე.

ედიშერ ბაღათურია
ედიშერ ბაღათურია

ახალ მოცემულობაში ბოიკოტის გამოცხადების საკითხზე ფიქრობენ პარტიის "გახარია - საქართველოსთვის" წევრები. პარტიის წარმომადგენელი, ედიშერ ბაღათურია ამბობს, რომ ეს არჩევნები "ქართული ოცნების" უსამართლო ქმედებების გაგრძელებაა.

"[ბოიკოტზე] ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ. შიდა კონსულტაციებს გავდივართ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა მან.

იმის მიუხედავად, რომ სენაკის საკრებულოდან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გასვლით ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა, ეს პარტია გეგმავს "ქართული ოცნების" უმრავლესობაში ყოფნის პირობებში იმუშაოს.

ლაშა კუჭავა
ლაშა კუჭავა

"ეს არჩევნები გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან [6 თვე ვერ შეიკრიბა და უნდა დაშლილიყო]... სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ძალის ყოფილმა წევრმა უღალატა თავის პრინციპებს, საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ სოფელს. გაიყიდა ისე, როგორც სენაკის ბაზარში იყიდება მწვანილი. შედეგად დადგა ის, რომ “ქართული ოცნება” სენაკში გაიფორმებს უმრავლესობას", - ამბობს სენაკის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა კუჭავა.

“ქართული ოცნების” კანდიდატი ზაზა ყურაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში დამარცხდებოდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში... დღევანდელი შედეგით ჩვენ დავადასტურებთ და შევქმნით ყველა პირობას, რომ ეს ყველაფერი იქნეს წარმართული, როგორც ჩვენ საკრებულოს გვაქვს ჩამოყალიბებული. ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას. ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას, რადგან პრაქტიკულად დამარცხებისთვის იყვნენ განწირული", - აღნიშნა ზაზა ყურაშვილმა.

სენაკის საკრებულოში შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კუჭავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წურწუმიას მიზეზები არ აუხსნია და ყოფილ თანაგუნდელებს თავს არიდებს.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სენაკის 33-მანდატიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიციაზე ერთი დეპუტატით მეტი. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, „ქართული ოცნება“ 16 მანდატს ფლობდა, ხოლო ოპოზიცია 17-ს; აქედან 13 - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, ხოლო 4 - გიორგი გახარიას პარტიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG