Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა ლიმანიდან უკან დახევაში გენერალ-პოლკოვნიკი ლაპინი დაადანაშაულა


რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური
რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინია.

„ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი. ეს ის ლაპინია, რომელმაც მიიღო რუსეთის გმირის ვარსკვლავი ლისიჩანსკის აღებისთვის, თუმც კი რეალურად ის იქ არ ყოფილა“, - წერს კადიროვი ტელეგრამზე.

ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, ლაპინმა ლიმანში სამხედროებს დროულად არ მიაწოდა საბრძოლო მასალები და არც საჭირო საკომუნიკაციო საშუალებები.

კადიროვი ირწმუნება, რომ იგი გააფრთხილეს ფრონტის ამ სექტორში შესაძლო წარუმატებლობის შესახებ და ამაზე ის ესაუბრა კიდეც რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს.

„მაგრამ გენერალმა დამარწმუნა, რომ მას არ ეპარებოდა ეჭვი ლაპინის ლიდერობის ნიჭში“, - თქვა კადიროვმა, რომლის განცხადებით, ერთი კვირის შემდეგ ლაპინმა თავისი შტაბი გადაიტანა სტარობელსკში, რომელიც მდებარეობს ლიმანიდან ას კილომეტრში, ხოლო თავად გენერალ-პოლკოვნიკი იმყოფებოდა ლუგანსკში.

„სირცხვილი ლაპინი კი არ არის, არამედ ის, რომ მას ზევით ხელს აფარებენ გენერალური შტაბის ლიდერები. ჩემი ნება რომ იყოს, მას რიგითობამდე ჩამოვაქვეითებდი, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ავტომატით ხელში ფრონტის ხაზზე გავგზავნიდი, რომ სირცხვილი სისხლით ჩამოერეცხა“, - წერს კადიროვი.

ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, სასაზღვრო ზონებში უნდა გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა და რუსეთმა გამოიყენოს „დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი“.

მაისის დასაწყისში BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალმა ლაპინმა დააჯილდოვა თავისი ვაჟი, პოლკოვნიკი დენის ლაპინი, რომელიც მეთაურობს 1-ლი გვარდიის სატანკო პოლკს და ხელმძღვანელობდა წარუმატებელ შეტევას სუმისა და ჩერნიგოვის წინააღმდეგ.

იმ დღეს, როდესაც ტელეკომპანია "ზვეზდამ" გაავრცელა სიუჟეტი ამ დაჯილდოების შესახებ, რუსული არმია უკან იხევდა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG