Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინულ სარდლობაში აცხადებენ, რომ ლიმანთან დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი


უკრაინის ეროვნული პოლიციის მებრძოლები გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში. 2022 წლის 2 ოქტომბერი
უკრაინის ეროვნული პოლიციის მებრძოლები გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში. 2022 წლის 2 ოქტომბერი

უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანთან მდებარე სოფელ ტორსკოეზე, რომელიც ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინასკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ამის შესახებ 2 ოქტომბერს, ღამით, „ეროვნული ტელემარათონისას“ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერგი ჩერევატიმ. მისი ინფორმაციით, სოფლის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელი სამხედროები არტილერიის გამოყენებით უტევენ მოწინააღმდეგეს, რომელიც კრემინაში პოზიციების გამყარებას და თავდაცვის ხაზის შექმნას ცდილობს.

ჩერევატის თანახმად, კრემინას გათავისუფლების შემთხვევაში, უკრაინის თავდაცვის ძალები გავლენ ქალაქებზე, სვატოვოსა და რუბეჟონოეზე და ლუგანსკის ოლქის შემდგომ დეოკუპაციას შეძლებენ. როგორც სერგი ჩერევატიმ განაცხადა, იქ სევეროდონეცკი და ლისიჩანსკია, რომელთა აღებით რუსები ზაფხულში ასე ტრაბახობდნენ.

აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა ილაპარაკა ქალაქ ლიმანის გათავისუფლებაზეც. ჩერევატის ინფორმაციით, ლიმანში მყოფი რუსი სამხედროების ნაწილი განადგურებულია, ნაწილი - დატყვევებული, დანარჩენებმა კი, შეძლეს ქალაქიდან გასვლა და ამჟამად კრემინაში იმყოფებიან.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმიამ გაათავისუფლა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი, სადაც რუსული ქვედანაყოფების პოზიციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში უტევდა. ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები. ამას წინ უძღოდა რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად უკრაინის ამ რეგიონების პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციების მიერ 23-27 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები.

XS
SM
MD
LG