Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა


მოქალაქე უყურებს ტელესიუჟეტს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ. სეული, სამხრეთი კორეა. 2022 წლის 25 მაისი
მოქალაქე უყურებს ტელესიუჟეტს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების შესახებ. სეული, სამხრეთი კორეა. 2022 წლის 25 მაისი

ჩრდილოეთმა კორეამ სამშაბათს იაპონიის თავზე გაუშვა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, აცხადებენ მისი მეზობელი ქვეყნები.

ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდაა იანვრის შემდეგ, როცა მან ისროლა Hwasong-12-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტა, რომელსაც შეეძლო აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიღწევა. ამავე დროს, 2017 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთ კორეის რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეიდან ნასროლმა სულ მცირე ერთმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა, იუწყება სააგენტო ასოშიეიტედ პრესი.

იაპონიის ოფიციალურმა პირებმა ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონების მცხოვრებთ მოუწოდეს ახლოს განთავსებული ნაგებობების დატოვებისკენ, რაც 2017 წლის შემდეგ ამგვარი განგაშის პირველი შემთხვევაა. იაპონიის ჰოკაიდოსა და აომორის რეგიონებში დროებით შეჩერდა მატარებლების მიმოსვლა, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტა წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რაკეტის სროლა არის "თავზეხელაღებული აქტი და მას მკაცრად ვგმობ". მან დასძინა, რომ საკითხს განიხილავს ეროვნული უშიშროების საბჭო.

იაპონიის წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გამოცდის შედეგად ზიანის შესახებ ცნობები არ არის.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბიც აცხადებს, რომ მანაც დაადგინა ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან. შტაბის განცხადებით, სამხრეთი კორეა აძლიერებს სადაზვერვო პოზიციებს და მზადყოფნას ინარჩუნებს აშშ-სთან ახლო კოორდინაციით.

4 ოქტომბერს რაკეტის გაშვება წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბოლო ათ დღეში იარაღის მეხუთე გამოცდას, რასაც აღიქვამენ პასუხად ორმხრივ სამხედრო წვრთნებზე სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის, ისევე, როგორც გასულ კვირაში ჩატარებულ სხვა წვრთნებზე, რომელშიც აშშ და იაპონიაც მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთი კორეა ამგვარ წვრთნებს განიხილავს შეჭრის რეპეტიციად.

წინა ოთხი გამოცდის დროს გაუშვეს მოკლე რადიუსის რაკეტები, რომლებიც ჩავარდა წყლებში კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის. ამ რაკეტებს შესაძლებლობა აქვთ სამხრეთ კორეის სამიზნეებს მისწვდნენ.

საერთო ჯამში, ასოშიეიტედ პრესის ცნობით, მიმდინარე წელს ჩრდილოეთმა კორეამ 40-მდე რაკეტა გამოცადა, რაკეტების გაშვების 20-მდე ღონისძიებით - იმ ფონზე, როცა ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ გააფართოებს ბირთვულ არსენალს და უარს აცხადებს დაუბრუნდეს ბირთვულ საკითხებზე დიპლომატიას აშშ-სთან.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კინ ჩენ ინი ბოლოს შეეცდება თავისი გაფართოებული არსენალი გამოიყენოს ვაშინგტონზე ზეწოლისთვის, რათა მან ჩრდილოეთი კორეა ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადოს - რადგან თვლის, რომ ამგვარი აღიარება ჩრდილოეთ კორეას მოუტანს საერთაშორისო სანქციების მოხსნას და სხვა დათმობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG