Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმია განაგრძობს დასახლებული პუნქტების გათავისუფლებას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 2022 წლის 3 ოქტომბერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 2022 წლის 3 ოქტომბერი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნის არმია შეტევას განაგრძობს და რამდენიმე ოლქში აქვთ ახალი, გათავისუფლებული დასახლებული პუნქტები. რომელ ოლქებში და რამდენი დასახლებული პუნქტი ზელენსკის არ უთქვამს.

3 ოქტომბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ბევრ მონაკვეთზე მიმდინარეობს, სულ უფრო მეტი ოკუპანტი ცდილობს გაქცევას, მტრის არმიას სულ უფრო მეტი დანაკარგი აქვს და სულ უფრო მეტად ესმით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომით შეცდომა დაუშვა.

3 ოქტომბერს, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. შეიარაღებული ძალების ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავდა ხერსონის ოლქის სოფელ მიროლუბოვკაში უკრაინის დროშის აღმართვას. სარდლობა ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ სოფელი გაათავისუფლა „ზაკარპატიეს ლეგიონმა“.

3 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის არმიის სატანკო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტაია ბალკასთან გაარღვიეს რუსი სამხედროების თავდაცვის ხაზი, რასაც „მასირებული ცეცხლით“ უპასუხეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის და ახლომდებარე სოფლის, ტორსკოეს გათავისუფლების შემდეგ, 3 ოქტომბრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინას მიმართულებით. კონტრშეტევა დაადასტურეს რუსეთის მიერ ანექსირებული ლუგანსკის ე.წ. სახალხო მილიციაში, თუმცა, განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები „საცეცხლე ტომარაში“ მოაქციეს.

3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთი სოფელი, ბოროვაია გაათავისუფლს ხარკოვის ოლქში, რომლის უდიდესი ნაწილის დეოკუპაცია ჯერ კიდევ სექტემბერში შეძლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG