Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: ივანიშვილი ორი კურდღლის ნაცვლად ორ აგურს დაიჭერს


ნიკა მელია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს, დაუყოვნებლად დაუშვას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობსი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.

აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელისუფლება მსოფლიოში აღიარებული, ნობელის პრემიის ლაურეატი ექსპერტის სააკაშვილთან შეხვედრას იმიტომ ართულებს ბიუროკრატიული საკითხებით, რომ ეშინია, არ დაიდოს კვალიფიციური დასკვნა, რომლის აღიარებაც მოუწევს და ექსპერტმა არ დაადასტუროს ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც სამკურნალოდ მისი ქვეყნის გარეთ გაშვება გახდება საჭირო.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს - არ შეუშვას ექსპერტი მიხეილ სააკაშვილთან. ამით საკუთარი აგრესიული ელექტორატი გაამხნეოს და სიამოვნება მოჰგვაროს, მეორე მხრივ, სამწუხაროდ, მიჩქმალოს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ვითარება სხვაგვარია: არა თუ ორ კურდღელს ვერ დაიჭერს, მას ორი აგურის დაჭერა მოუწევს აუცილებლად, მსგავსი ნაბიჯის გადადგმით ამ ორი აგურის თავში ჩარტყმა მოუწევს, ვინაიდან შენ, როდესაც ადამიანურ, ჰუმანიტარულ ზღვარს გადადიხარ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტს, ნობელიანტს, რომელმაც იმგზავრა, რომ პაციენტი მოენახულებინა და ჯანდაცვის მინისტრი შენ დავალებას ასრულებს, არ უშვებს, რათა ის დასკვნა არ დადოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერ უარყოფს, მის ობიექტურობაში ეჭვს ვერ შეიტანს, გადაწყვიტა მარტივი გამოსავალი ნახოს და არ შეუშვას.

მათ მოუწევთ სააკაშვილთან ექსპერტის დაშვება, სხვა შემთხვევაში ადეკვატური იქნება ჩვენი რეაგირება ამ უმსგავსობაზე. ეს ადეკვატური რეაგირება რა შეიძლება გახდეს, ამას დავინახავთ“, -
თქვა ნიკა მელიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე.

3 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არ დაუშვა სისტემამ მოწვეული ექსპერტი მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯეიმს კობის "არასრულყოფილი" დოკუმენტაციის გამო უთხრეს უარი საექიმო ლიცენზიის აღებაზე. ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებს კლინიკა "ვივამედში" შესვლას.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“.

იგი აგვისტოში მოინახულეს ამერიკელმა და შვეიცარიელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა. ეს უკანასკნელი გაეროშია აკრედიტებული. მათ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ისტორიის შესწავლა დაიწყეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG