Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძის თქმით, "ხალხის ძალასთან" მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ


პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მოძრაობა "ხალხის ძალასთან" მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ - საგარეო საკითხებზე "კულისებში" განხილული საკითხების საჯაროდ გამოტანა.

"მთავარი განსხვავება არის იგივე და ერთადერთი - ისინი ამბობენ, ის ყველაფერი, რაც ხდება კულისებში, იყოს საჯარო, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტად შეფასების უფლება, რაც ხდება სინამდვილეში ქვეყანაში... ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვთანხმდებით, ამაზე კამათს აზრი არ აქვს - მათ თავისი აზრი აქვთ, თუმცა არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები და აქ პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს", - განმარტა მდინარაძემ. მან ჟურნალისტებს პარლამენტში უთხრა, რომ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, აქვთ "ხალხის ძალის" წევრი დეპუტატების მხარდაჭერის იმედი.

მამუკა მდინარაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ ინფორმაცია, რომელსაც პარტიიდან წასული დეპუტატები საჯაროდ აჟღერებენ, უმრავლესობის ფორმატში განიხილება:

"ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვს უმრავლესობის წევრს, ბუნებრივია, მათაც აქვთ. თქვენ შეამჩნევდით, იმ ინფორმაციის პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გაასაჯაროვეს, ჰქონდათ მანამდე მიღებული, ვიდრე იყვნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები...

იმაში რომ არ ვეთანხმებით, ამის გასაჯაროება შეიძლება არ იყოს აუცილებელი, მხოლოდ ეს არგუმენტი ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ რაღაცა ინფორმაცია არ მიიღოს უმრავლესობის წევრმა, როგორც უმრავლესობის წევრმა".

დღეს, 4 ოქტომბერს, მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ოთხ დეპუტატს, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან ხუთი კოლეგა შეუერთდა.

მმართველი "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება პარტიის წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებად რჩებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.

XS
SM
MD
LG