რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა გამოაცხადა რუსეთში მისი მომხრეების შტაბების მუშაობის განახლების შესახებ. შტაბების ქსელი მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო, მრავალი თანამშრომელი ემიგრაციაში წავიდა სისხლის სამართლის დევნის გამო. მაგრამ ოპოზიციონერის თანამებრძოლებს მიაჩნიათ, რომ შვიდი თვის განმავლობაში ომის შემდეგ „პუტინის რეჟიმის პოზიციები დასუსტდა,“ იტყობინება გამოცემა „სირენა“.
გუნდის წევრობის მოსურნეებს სთავაზობენ შეავსონ ანკეტა, რომელშიც საჭიროა მითითება, რომელ რეგიონში იმყოფება ახალი პოტენციური თანამშრომელი და რა საქმიანობას გეგმავს. მათ ანონიმურობას ჰპირდებიან. ნავალნის თანამებრძოლმა, ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ ახალი ქსელი „პარტიზანულ იატაკქვეშეთს“ დაემსგავსება. ნავალნის შტაბი დიდ ყურადღებას ანიჭებს უსაფრთხოებას. მიმართვა გამოქვეყნებულია პოლიტიკოსის არხზე YouTube-ში.
ნავალნის კიდევ ერთი თანამებრძოლის, ლეონიდ ვოლკოვის თქმით, შტაბების ყოფილ თანამშრომლებს კავშირი არ ექნებათ ახალ ორგანიზაციებთან, თუკი თავად არ მოისურვებენ ამას. მან ასევე კავშირზე გამოსვლისკენ მოუწოდა უკვე მოქმედი ანტისაომარი ინიციატივების კოორდინატორებს.
ვოლკოვისა და ჟდანოვის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ისინი უცხოეთში იმყოფებიან. თავად ნავალნი ვლადიმირის ოლქში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს.