Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის თქმით, EU-ს და NATO-ს მიმართულებით ყველა მიღწევა „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთის, დეოლიგარქიზაციის შესახებ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას მიაჩნია, რომ ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით საქართველოს ყველა მიღწევა „ქართულ ოცნებას" უკავშირდება.

„ოპოზიციის მთავარი სურვილი არის, რომ ისინი ვერ პატიობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის 1 ოქტომბერს. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან. დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მიღწევას ევროკავშირის გზაზე თუ NATO-ს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“ - იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად არის შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მიღებულია ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. ეს არის ის ხელშესახები შედეგები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, როგორც პრემიერი აღნიშნავს: „ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი ბიზნესმენები ვიცით. რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ".

დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა მოაგვაროს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციაში არიან და ამ კონტექსტში ასახელებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს.

17 ივნისს ევროკავშირმა საქართველოს წინაშე 12 პუნქტის შესრულების პირობა დააყენა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო.

XS
SM
MD
LG