Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტს სურს ფასის ზედა ზღვარი დაუწესდეს იმპორტირებულ გაზს


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დროებით ზომად ფასის ზედა ზღვარი დაუწესოს იმპორტირებულ გაზს, რათა შემცირდეს ენერგიის გაზრდილი საფასური.

"მთლიან გაზზე ზედა ზღვრის დაწესება არის დროებითი გადაწყვეტა მანამ, სანამ შევიმუშავებთ ევროკავშირის ფასების ახალ ინდექსს, რომლის მიზანი იქნება ბაზრის უკეთ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კომისიამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა", - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტს სტრასბურგში 5 ოქტომბერს.

მისი თქმით, ამგვარი ზღვარი შემუშავდება იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდების უსაფრთხოება. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ 6 ოქტომბერს აპირებს პრაღაში შეკრებილ ევროკავშირის ლიდერებს მიმართოს წერილით, რომელშიც ევროკავშირის ენერგეტიკულ შესყიდვათა ერთიან სისტემაზე იქნება ლაპარაკი. ევროკომისიის პრეზიდენტი ბლოკის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიერონ თავიანთი ინფრასტრუქტურის დაცვა, მათ შორის შემოწმებების ჩატარებით და სატელიტური დაზვერვის გამოყენებით პოტენციური საფრთხეების ამოსაცნობად.

"ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის წინააღმდეგ განხორციელებულმა საბოტაჟის აქტებმა გამოაჩინა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სისუსტეები. ამ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის უკეთესი დაცვა ყველა ევროპელის ინტერესშია", - დასძინა მან.

გასულ კვირაში დანიასთან და შვედეთთან ახლოს, ბალტიის ზღვაში ოთხი გაჟონვა აღმოაჩინეს მილსადენებში "ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2". სავარაუდო საბოტაჟის მომენტში არცერთი მილსადენი არ მუშაობდა, თუმცა ისინი სავსე იყო გაზით, რომელიც 26 სექტემბრის შემდეგ გაედინება ბალტიის ზღვის ზედაპირზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG