Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მობილიზაციისგან თავის არიდებისთვის პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს


მობილიზაცია რუსეთში
მობილიზაცია რუსეთში

რუსეთში, პენზის ოლქში, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მობილიზაციისგან თავის არიდების ფაქტზე. ეს არის ამ ტიპის პირველი საქმე, რომლის შესახებაც ცნობილი გახდა. ინფორმაცია უფლებადამცველ ორგანიზაცია „აგორას“ ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა გაავრცელა.

ჩიკოვის თანახმად, 32 წლის ბრალდებულმა სამხედრო კომისარიატში უწყების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის გამოც დააკავეს „ომონის ძალის დახმარებით“. ის უკვე მეორე დღეა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს უნდა იმსჯელოს.

ჩიკოვის თქმით, რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი მხოლოდ ვადიანი სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების შემთხვევაში გამოიყენება, მობილიზაციისგან თავის არიდება ამ მუხლის მიხედვით დასჯად ქმედებებს არ განეკუთვნება.

ბრალდებულის ადვოკატმა დაკავებულის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

სერგეი შოიგუს განცხადებით, ამჟამად სასწავლო ცენტრებსა და სამხედრო პოლიგონებზე 200 000 ადამიანია მობილიზებული. გამოცემა „7x7“-ის თანახმად, 20 რეგიონის ხელმძღვანელმა მობილიზაციის გეგმის ორ კვირაში განხორციელების შესახებ მოხსენება გააკეთა.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში სამობილიზაციო პროცესის ფარგლებში სულ მცირე ათი გარდაცვლილის შესახებ გახდა ცნობილი, სამმა მათგანმა თავი მოიკლა.

XS
SM
MD
LG